საკანონმდებლო ორგანოში დღეს დეპუტატები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აუცილებელია კანონი ამ მიმართულებით გამკაცრდეს.
„ნამდვილად წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია ქალთა მიმართ ძალადობამ, ქალების მკვლელობებმა, ყოველ შემთხვევაში მედიაში ძალიან აქტიურად შუქდება და საზოგადოების თვალწინ ხდება ეს... ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები,“-აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.
”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ 25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების გამო, მხოლოდ პრეზიდენტის დადანაშაულება სწორი არ არის და მსგავსი დანაშაულები სისტემური პრობლემაა.
„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიმინალური ფონი არის სწორედ იმ კონვეირული წესით განხორციელებული შეწყალების შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რომლის შემოქმედები მათ შორის ამ დარბაზში სხედან და არის შედეგი იმ დაუსჯელობის სინდრომის, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ძალადობაში დადანაშაულებული მეუღლის მიმართ, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა საკმარისი არ არის და მისი 48 საათით დაპატიმრება უნდა მოხდეს.
„მოხდეს მოძალადეების 48 საათიანი დაკავება რაც დაეხმარება პოლიციას, პირველ რიგში ეფექტურ რეაგირებაში და მოაშორებს მოძალადეს პოტენციური მსხვერპლისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სასჯელი ძალადობრივ დანაშაულზე“- აცხადებს ელენე ხოშტარია.