„მართლმადიდებლებო, მინდა შეგახსენოთ, გილოცავთ ბატონო ვახტანგ და მინდა შეგახსენოთ, რომ შვიდი ადამიანი ზის ციხეში ქრისტეს დაცვის გულისთვის და იქნებ რამე ჩაერიოთ და სამართლიანობა აღადგინოთ ამ მიმართულებით მაინც,“- ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ემზარ კვიციანმა სუს-ის უფროსს, ვახტანგ გომელაურს.
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს გომელაური დეპუტატებს აცნობს. საჯარო ანგარიშის შემდეგ სხდომა დახურეს, რასაც ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებდა, თუმცა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ის სხდომის დახურვის წინააღმდეგი არ იყო.
სხდომის დახურვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ სხდომაზე შესაძლოა, საიდუმლო დეტალები შეიძლება გაჟღერებულიყო.
ვახტანგ გომელაურმა მთავარ საფრთხედ ოკუპაცია და ტერორიზმი დაასახელა.