ვლადიმერ პუტინის მმართველობა დასკვნით ფაზაში შედის - ამის შესახებ ჩეთემ ჰაუსის რუსი ანალიტიკოსი საუბრობს. ლილია შევცოვამ რუსეთის პოლიტიკაზე უცხოელ კოლეგებთან ერთად ვაშინგტონში დისკუსია გამართა.
ანალიტიკოსმა ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდში სირიის ქიმიური ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დასავლურ ოპერაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.
„ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთთან ურთიერთობის ტრადიციული რუსული მექანიზმი მდგომარეობს ესკალაციაში დეესკალაციისთვის. აწყობს ესკალაციას, აქცევს კუთხეში დასავლეთს და აიძულებს თამაშის რუსულ წესებს დათანხმდეს. პუტინს ეს აქამდე წარმატებით გამოსდიოდა, თუმცა ასე აღარ არის. ბოლო დარტყმამ სირიაზე მას რეაგირების საშუალება არ დაუტოვა. კრემლმა არ იცის, როგორ დაიხიოს უკან, ისე რომ სახე არ დაკარგოს. იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი პუტინი და მისი გუნდი, რუსეთი პუტინის მმართველობის ბოლო ფაზაში შევიდა. ცდილობს მოაჩვენოს თავი, რომ საკუთარ სისუსტეს ვერ ხედავს. მას აღარაფერი აქვს ისეთი, რომელსაც რუსეთს შესთავაზებს,“- განაცხადა შევცოვამ.
ცნობილი სოვიეტოლოგი ამბობს, რომ კრემლმა ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ყირიმის ანექსია ყველაზე მეტად გაუთვლელი შეცდომა იყო, როდესაც მან დასავლეთის სისუსტის საბოლოოდ დაიჯერა და წლების წინ საგარეო პოლიტიკა ამ წარმოდგენაზე გადააწყო.
„ჩვენ ვნახეთ ვლადიმირ პუტინის საბედისწერო შეცდომა. ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი უკრაინაში, ყირიმში მის ქმედებას მოინელებდა, ისევე როგორც სხვა დროს ინელებდა ასეთ საქციელს, პუტინის გამოცდილებით და ასევე მისი ურთიერთობების გათვალისწინებით დასავლურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და ლიდერებთან: ბატონ შროდერთან, ბატონ ბერლუსკონისთან, ბატონ შირაქთან, ბატონ სარკოზისთან, ბატონ ბლერთან. ვიქნები თავაზიანი და ამერიკელი პრეზიდენტების გვარებს არ დავასახელებ,“- აღნიშნა შევცოვამ.
შევცოვას თქმით, პუტინის რეჟიმისთვის საბოლოოდ მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა მილიტარიზაციის იდეაც, რომელიც თავის დროზე წარმატებული იყო.