პარლამენტის სხდომა დღეს პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი Freedom House-ის ანგარიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში ორი პოლიტიკური რეალობა არსებობს - ერთი, რომელსაც ხელისუფლება ხედავს, ხოლო მეორე - ოპოზიციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დანახული.
ენმ-ს წევრმა საქართველოში რუსული მედიაჰოლდინგის, НТВ Плюс-ის შემოსვლაზეც ისაუბრა. სამადაშვილის განცხადებით, გაზპრომის მედიაჰოლდინგის ქვეყანაში შემოსვლა რუსულ გავლენებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„გილოცავთ ბატონებო და ქალბატონებო, ისეთი ქვეყნების გვერდით დადექით, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, სუდანი, კუბა, უზბეკეთი, რომელიც თავს ესხმიან ამ ორგანიზაციას, რომელიც 1941 წლიდან იბრძვის მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ეს კარგია, იმიტომ, რომ დროა, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ ევროპას, არამედ მსოფლიოს აჩვენოს თუ რა არის რეალურად ის გასაოცარი დემოკრატია, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში. დღეს ჩვენ რეალურად ორი საქართველო გვაქვს, ის საქართველო, რომელშიც სუს-ი თურმე წარმატებით ახორციელებს საკუთარ ამოცანებს და ის საქართველო, სადაც ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის ძალიან ხმამაღალი პროტესტისა და ზეწოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ შესაძლოა, მოვახერხოთ მართლაც და შევაჩეროთ ქვეყანაში გაზპრომის მედიაჰოლდინგის НТВ Плюс-ის შემოსვლა, რაც ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება იქნებოდა,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.