შეწყალებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრს პირველად შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კახიშვილი შეწყალების კომისიის წევრებსაც გაესაუბრა. მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი შეწყალების კომისიაში ჩაერთვება და კომისიის შემადგენლობა გაფართოვდება.
„ამ შემთხვევაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რეკომენდაციას არ იძლევა ვინმეს გათავისუფლება, ან არგათავისუფლებაზე. ეს არის ინტერვიუს ახით მოცემული ინფორმაცია თუ რა განუცხადა სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს კითხვებზე მსჯავრდებულმა. ასეთი ტიპის ინფორმაციები იგზავნება ხოლმე შეწყალების კომისიაში პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში რომ იყოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად ობიექტური, ამიტომაც ვმუშაობთ ისეთი ტიპის მექანიზმების დანერგვაზე, რომ უკვე კომისიას მიეცემა შესაძლებლობა, მრავალმხრივ არგუმენტირებულად, ობიექტურად შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება მანამ, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყალების თაობაზე ან შეწყალების უარზე იმიტომ, რომ ორივე გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს მტკივნეული,“- განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, მარგველაშვილის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების პროცესის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.
„მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გაუმჯობესებული, ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც პროცეს გააუმჯობესებს. ამავდროულად, პრინციპში მისაღებია მინისტრის ინიციატივა, კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემაზე ისაუბრა.