20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
„რაღაც თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ" - "ქართული ოცნების" დეპუტატები უმრავლესობის სხდომის თარიღს ვერ აკონკრეტებენ

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში დაპირისპირება გრძელდება. ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება უმრავლესობის შეხვედრა.

არ არის გამორიცხული გაფართოებული სხდომა შაბათს, თბილისში შედგეს. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ეჭვობს, რომ სხდომის დანიშვნა ხელოვნურად ჭიანურდება და მიაჩნიათ, რომ სხდომას პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილიც უნდა დაესწროს.

„კობახიძის გუნდში“ კი თვლიან, რომ კონსულტაციების დასრულება უფრო მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც უმრავლესობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.   

„რაღაც თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გვექნება ეს წესები, მანამდე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება. ჩვენთვის მთავარია, შევასრულოთ ის ფუნქცია, რომელიც დაგვაკისრა ჩვენი ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობამ. დიდი იმედია, რომ უმრავლესობის შიგნით დავლაგდებით რამენაირად და სულ ცოტა ხანში ასეთი განცხადებები აღარ იარსებებს,“- აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესები, რომელიც ვითარდება და განცხადებები, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკეთებენ, დეპუტატების ინდივიდუალური გადაწყვეტილებებია.

მისი თქმით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი და პოლიტიკური ლიდერი იმსჯელებს.

დღის ამბები