საპარლამენტო უმრავლესობაში ეთიკის კოდექსის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. მმართველი გუნდის ნაწილი ამბობს, რომ დეპუტატი თავისუფალია მის გადაწყვეტილებებში და არავის აქვს უფლება მას ეს უფლება შეუზღუდოს.
უმრავლესობის წევრი, მირიან წიკლაური ეთიკის კოდექსის მიღებას ეწინააღმდეგება, მისი თქმით, არავის აქვს უფლება, რომ დეპუტატს რაიმე სანქციები დაუწესოს.
„სხვა დეპუტატს არ აქვს უფლება მის მსგავსად არჩეულ დეპუტატს რაიმე სანქციები დაუწესოს, იმ გამოთქმებისთვის, რომელიც მან გააჟღერა,“- ამბობს წიკლაური.
უმრავლესობის წევრების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ კოდექსის მიღებაში საგანგაშო არაფერია და პირიქით, პროფესიული ეთიკის კოდექსი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
„ეთიკის კოდექსი არის პროფესიონალური ქცევის წესი. ეთიკის კოდექსი აქვთ ექიმებს, ადვოკატებს, ბიზნესმენებს და პარლამენტარებსაც ბევრ ქვეყანაში. ეს არ არის შემზღუდველი ეს არის პარლამენტის წევრის ხელშემწყობი“-გუგული მაღრაძე.
კანონპროექტს უმრავლესობა რამდენიმე თვეში გადამუშავებული სახით პარლამენტში ისევ წარადგენს.