საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიცია რუსეთთან მიმართებით ტონის გამკაცრებას ურჩევს. ისინი ცინიკურსა და შეურაცხმყოფელს უწოდებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენელს ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ საუბრის საფუძველს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აძლევს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება, მიუხედავად ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობისა, ოკუპანტთან ფარულად მაინც თანამშრომლობს. სანაცვლოდ ვიღებთ იმას, რომ ტატუნაშვილის საქმეზე არამცთუ გამოძიება არ მიმდინარეობს, არამედ სპეკულირებს რუსეთის ხელისუფლება,“ - განაცხადა კალანდაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ ოკუპაციის ფონზე, მარია ზახაროვას განცხადება ცინიკურია.
„რა თქმა უნდა, შეცდომა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც შერბილებული ტონით იყო საუბარი სწორედ ამ აგრესიულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.