„ქვეყანაში, 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა პარტიის შექმნა და უდიდესი გარდატეხა მოხდა ქვეყნის მმართველობის სტილში და ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სრულიად სხვა პოლიტიკური გარემო,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რეგიონული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერმა მმართველი გუნდის მუშაობის შედეგები შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველაზე დიდი გარღვევა მოხდა ადამიანის უფლებების კუთხით.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით, სადაც იყო ყველაზე მტკივნეული ჩავარდნები - ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ამ მიმართულებებით ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ამ მიმართულებებით ჩვენ დღეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ შემდგომ დახვეწას, როგორც ჯანდაცვის სფერო, ასევე ყველა სხვა მიმართულება საჭიროებს. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში მიმოსვლა არის თავისუფალი. დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს ევროპაში წასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ეს არის პირველ რიგში ევროკავშირის პოლიტიკური ნდობა საქართველოს მოსახლეობისა და რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ,“ - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების დინამიკა იზრდება. პრემიერის თქმით, აჭარაში ადგილობრივების შემოსავალი ტურიზმის განვითარების პარალელურად იზრდება.
პრემიერმა კონფერენციაზე აჭარაში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს კიდევ გვყავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ის კურსი, რომელიც აღებულია და თანმიმდევრული წარმატებების მშენებლობა, აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გვაძლევს საბაბს, ყველას გვქონდეს გარკვეული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენს ზურგსუკან უკვე არის მიღწეული წარმატებები. რა თქმა უნდა, კონსოლიდაციით, ერთად დგომით, პარტიის აქტივის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიური შრომით, შესაძლებელია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.