ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს პოლიტიკოსებთან ერთად ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი საქართველოს ნატოსთან დაახლოებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი რუსულ პროპაგანდისტულ ომში.
„ჩვენ ყველანი ვაფიქსირებთ საერთო მტერს და საერთო საფრთხეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ძალიან ბევრ ქვეყანას მსოფლიოში- ეს არის რუსული საფრთხე. რუსულ საფრთხესთან და ჰიბრიდულ ომთან გამკლავება არის ძალიან ბევრი ქვეყნის საზრუნავი.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა პარტნიორმა გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ რუსულ საფრთხეს ვებრძოლოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ნატოს დაუახლოვდეს საქართველო და გახდეს ნატოს წევრი“- აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის თქმით, მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთს ცდილობს ჩაერიოს არამხოლოდ დასავლური ქვეყნების არჩევნებში, არამედ საქართველოში დაგეგმილ საარჩევნო პროცესებშიც. ბენიძე ფიქრობს, რომ ამ მცდელობასთან დასაპირისპირებლად მთავარი გზავნილი ევროპასთან და ნატოსთან დაახლოებაა.
„ვხედავთ, რომ მცდელობა იმისა, რომ გარკვეული თემები წამოიწოს მათ შორის გარკვეული წყალგამყოფი და ღირებულებებზე დაფუძნებული თემები წამოიწოს და ამან არჩევნებზე და ზოგადად პოლიტიკურ დისკურსზე მოახდინოს გავლენა ეს რუსეთის მცდელობებია არამხოლოდ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
მნიშვნელოვანია ამ საფრთხეებს სწორად შევხვდეთ და სწორი პოზიცია გვქონდეს, ეს არის სწორედ ევროპასთან და ნატოსთან დაახლოება, ის რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ტარდება. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.