„საერთოდ ეს ჩასვლები არ მიმაჩნია მართებულად,“- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის“ დაგეგმილი მორიგი ვიზიტი მოსკოვში.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციური ფრაქციის შეხვედრები რუსეთში ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის და ეს პარტიის დამოუკიდებელი ვიზიტი.
„სახელმწიფოს პოლიტიკა არსებობს, რომელიც გარკვეულწილად, ითვალისწინებს რუსეთთან მოლაპარაკებას და არსებობს სტრატეგიული მიმართულება სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის, რის რეალიზებასაც მოაქვს ის, რასაც ჰქვია სტაბილურობა. ქედან გამომდინარე, შეჭრა ამ სწორ მიმართულებაში დამაზიანებელია, ზოგადად, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ეს ვიზიტი რაიმე გავლენას მოახდენს შექმნილ ვითარებაზე კარგის ან ცუდის მიმართულებით,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი კერძო, არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება. საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია მეხუთე დღეა, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება და წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს.