ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ. სემინარის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაა. ბათუმში შეკრებილების უმრავლესობა თანხმდება, რომ რეგიონისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ რუსეთი წარმოადგენს.
„მსოფლიოს მთავარი საფრთხე არის დღესდღეობით რუსეთი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს საერთოდ უგულებელყოფს. მეორე, მუდმივად იარაღის ენით საუბრობს და თუ დააკვირდებით, ბოლო მოვლენებს, იგივე სირიაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთს ცდილობს, რომ დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ მას აქვს ისეთი იარაღი და ისეთი შესაძლებლობა, რომ ამის გამო მას განსაკუთრებული პატივი უნდა სცენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ცივილიზებულ აზროვნებას სცილდება,“ - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოება და ტერიტორიების ოკუპაცია.
„ძალიან სამწუხაროა რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ამ წლების განმავლობაში არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ ნორმალიზება მომხდარიყო, შეესრულებინა თავისი პირობები, რაც ომის შემდეგ დაიდო და შესაბამისად, გრძელდება ეს ძალიან ნეგატიური პროცესი. საქართველოს აქვს ამოცანა, უფრო გაძლიერდეს, გააძლიეროს თავისი ურთიერთობა პარტნიორებთან და ყველაზე მთავარი აქ არის ნატო და ევროკავშირი. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას გაცილებით მეტი ნაბიჯი,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.