21 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
სასჯელი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის - ქადაგების დროს გაჟღერებული შეურაცხმყოფელი განცხადებები გამონაკლისი იქნება

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა საქართველოში ერთწლიანი პატიმრობით შეიძლება, დაისაჯოს.

ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრის, ემზარ კვიციანის, ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.

პროექტის მიხედვით, ერთ წლამდე პატიმრობით უნდა ისჯებოდეს მორწმუნეების, ღვთისმსახურების, რელიგიური სიწმინდეების მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გავრცელება, რომელიც რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. 2 წლამდე პატიმრობით კი - რელიგიური სიწმინდეებისა და შენობების დაზიანება.

კანონში იქნება გამონაკლისი - დანაშაულად არ ჩაითვლება სასულიერო პირის მიერ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ცვლილების იდეა დეპუტატ ემზარ კვიციანს მიტროპოლიტმა სპირიდონმა მიაწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით კი, თუ პროექტი კანონად გადაიქცევა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე შეექმნება. სამოქალაქო სექტორისთვის გაუგებარია, როგორი შეიძლება, იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი ქმედებებისა თუ ტერმინოლოგიის ჩამონათვალი. 

საპარლამენტო ოპოზიციაშიც აცხადებენ, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას და დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადების შესახებ ინიციატივა პარლამენტში ორი წლის წინაც შევიდა. ინიციატორი მმართველი გუნდის დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი, იყო, თუმცა, მაშინ საკანონმდებლო წინადადება ჩავარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები