20 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
„ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ“ - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინციატივას გაერო მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინციატივას სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ“ გაერო სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში ქართული მხარის ინიციატივით დისკუსია გაიმართა, რომელშიც წევრი ქვეყნების ელჩები მონაწილეობდნენ.

ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ წარადგინა.

საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ინიციატივა გულისხმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვას, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების მეტი მექანიზმის გაჩენას.

მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„მთავრობის ინიციატივა გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის კუთხით სარგებლობისთვის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან, ნორმებთან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ასევე გულისხმობს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე მყოფმა გაეროს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა განაცხადეს, რომ ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივას, ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებთან დაკავშირებით მხარს უჭერენ.

„განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი ქართველ მეგობრების მიმართ, რადგან იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ბევრი ფიქრობს და უთქვამს კიდეც, რომ საჭიროა მხოლოდ გეოგრაფიული სახელის შეცვლა და იგივე ვითარებას მივიღებთ. საქართველოს რეგიონების ოკუპირების შემდეგ ადამიანის უფლებები იქ დრამატულად გაუარესდა. იგივე დასკვნა გააკეთა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ყირიმთან დაკავშირებით,“- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ.

შეხვედრაზე დიპლომატებმა მათი ქვეყნების სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველო გაერთიანებული სამეფოს ღირებული პარტნიორი და მეგობარია. რუსეთის ქმედებები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წარმოადგენს უპატივცემულობას მისი მეზობლების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო სისტემის კანონების მიმართ. შედეგად წარმოქმნა სხვადასხვა პრობლემა ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა საკითხებში. ჩვენ ვდგავართ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, მათ შორის ყირიმის გვერდით,“- განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონათან ალენმა.

 

დღის ამბები