ამ წუთებში, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ოპოზიცია კომიტეტის სხდომაზე, საკუთარი ინიციატივით მივიდა.
საპარლამენტო უმცირესობა და „ნაციონალური მოძრაობა,“ დღგ-ს გადახდის წესში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რომლის მიხედვით, გადასახადს მხოლოდ იმ მცირე მეწარმეები გადაიხდიან, ვისი წლიური ბრუნვა 100 ათასი ნაცვლად, 200 ათას ლარს გადააჭარბებს.
„ზღვრის აწევა 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე შეეხება იმდენად ბევრ მცირე ბიზნეს კომპანიას, ფორმას, რომ ეს იქნება ძალიან რეალური შეღავათი მცირე ბიზნესისთვის. ეს ბიზნესში მცირე ბიზნეს დაუტოვებს დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე, რაც გახდება სწორედ დასაქმების ახალი წყარო, რაც ბუნებრივია, მოიტანს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის გაუარესებული ვერსიაა.
„მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არის სახეშეცვლილი ვარიანტი იმ კანონპროექტისა რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ 6 თვის წინ. ეს არის მისი დამახინჯებული, გაუარესებული ვერსია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეფასება გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან საინტერესოა მთავრობის პოზიცია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობას ერთმნიშვნელოვნად ექნება უარყოფითი პოზიცია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.