მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას... ძალიან მიხარია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი და პარტია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პოლიტიკაში ექსპრემიერის დაბრუნებას.
კალაძე ამბობს, რომ ივანიშვილის დაბრუნდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ამის მიზანი "ქართული ოცნების" კიდევ უფრო გაძლიერებაა. კალაძის თქმით, ივანიშვილის დაბრუნებით, პარტიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა პრემიერ მინისტრმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ამას თავის პროცედურები აქვს - იქნება წარდგენილი პოლიტსაბჭოზე და პოლიტსაბჭოს ყრილობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება.
ძალიან მიხარია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმიტომ რომ ჩვენ გვინდა პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში ახალი იდეებით და მზად ვართ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ პარტიული განვითარება და პარტიული ცხოვრება“-განაცხადა კალაძემ.