„პარტიის განმტკიცებას, გაძლიერებას და იმ ღირებულებების გარშემო ყველას გაერთიანებას, რომელი ღირებულებებიც ჩვენ 2011 წლიდან გვაერთიანებს, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უხელმძღვანელებს პარტიას თავმჯდომარის რანგში,“ - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის რანგში პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
წულუკიანის განცხადებით, მმართველი პარტია გადამწყვეტ ეტაპზე დგას, რომლის გაძლიერებაშიც ივანიშვილი დიდ წვლილს შეიტანს.
„ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღების ინიციატივით, როგორც დღეს თავადაც განმარტა საქართველოს პრემიერმინისტრმა, თავად პრემიერმინისტრმა მიმართა და დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ შეთავაზებას ბატონი ბიძინა დათანხმდა,“ - განაცხადა წულუკიანმა.
დღეს „ქართული ოცნების“ სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.