„ეს არის გაჭირვების დადასტურება,“ - ასე აფასებს საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
ბერძენიშვილმა ექსპრემიერის ის განცხადება გაიხსენა, რომელიც ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლისას გააკეთა და თქვა, რომ დიდი უბედურება უნდა მოხდეს, ის რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
„ბიძინა ივანიშვილმა იწინასწარმეტყველა 2015 წელს, მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ ივარგებს, რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, ეს რომ ვქნაო, მეორედ მოსვლას შევადარებდი ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებასო,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ივანიშვილს ახლა პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.
„ეს არის გაჭირვების დადასტურება, ის ძალიან დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნებას, მას ერჩია ყოფილიყო უპასუხისმგებლო პერსონალური მმართველი, ახლა მოუწევს პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.