ხვალ ნატოს შტაბბინა მინისტერიალს უმასპინძლებს. შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
განსახილველ საკითხებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის ყველა საშიშ ნაბიჯს ალიანსმა სათანადოდ უპასუხა, თუმცა მიიჩნევს, რომ როდესაც დაძაბულობა უმაღლეს დონეს აღწევს, დიალოგი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
იენს სტოლტენბერგმა საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ალიანსი წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პროგრესს მიესალმება.
„საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია. უამრავ სხვადასხვა აქტივობებში ვართ ჩართული, რომ უზრუნველყოთ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა. მივესალმებით, რომ საქართველო პროგრესს აღწევს წევრობისკენ მიმავალ გზაზე და დარწმუნებული ვარ სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება. მივესალმებით იმასაც, რომ თანამშრომლობის ბევრი ბერკეტი გვაქვს.
"ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და მისი დონის ასამაღლებლად. ვატარებთ ერთობლივ წვრთნას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს.“-აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.