საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება და ექსპრემიერის გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობს "პირადი დაცვა ღია პოლიტიკაში ეძებოს," ამის საფუძველი კი მის წინააღმდეგ აღძრული საქმე და სომხეთში განვითარებული მოვლენებია.
განცხადება სააკაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას,"-წერს სააკაშვილი.