„მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი არც არასოდეს წასულა პოლიტიკიდან“-ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი. ნინო ბურჯანაძის განცხადებით ამჯერად ივანიშვილმა გადაწყვიტა გამოსულიყო ჩრდილიდან, რადგან ქვეყანაში ვითარება არის სავალალო.
„ის აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, ის მართავდა ქვეყანას. მას უბრალოდ პასუხისმგებლობა არ ჰქონდა ამაზე აღებული. იყო დამალული. 2015 წელს თქვა, რომ მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს, რომ ის მოვიდეს პოლიტიკაში და მოვა პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში იქნება ძალიან ცუდი ვითარება. თუ ხელისუფლება გავა თამაშიდან, როგორც ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში. ე.ი. ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება არის ნამდვილად ძალიან ცუდი. ოღონდ ეს არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.