ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ოპოზიციის წევრების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის გააქტიურების მიზეზი მწვავე პარტიული დაპირისპირება და ძალაუფლების დაკარგვის შიშია. სწორედ ამიტომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ საუბრობს საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოზიციების შეთანხმებაზე.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელად ექსპრემიერის დასახელებამ ოპოზიციაში ბევრი ასოციაცია გამოიწვია. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ივანიშვილმა ბრეჟნევთან ასოციაცია გაუჩინა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი, რომელმაც ექსპრემიერი ტელედებატებში გამოიწვია, „ბუჩქებიდან გამომძვრალი აფთარი“ გაიხსენა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველობიდან პარტიის თავმჯდომარედ მხოლოდ „ქარული ოცნების“ შიგნით არსებული კრიზის გამო დაბრუნდა.
„ევროპულ საქართველოშიც“ თვლიან, რომ ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიაში არსებულ კრიზისის გამო გადაწყდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკური კრახის პირასაა და დახმარებას იმ დამფუძნებელს სთხოვს, რომელიც რეალურად მათი მართვიდან ეს წლებია, არასად წასულა.