საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დაგეგმილ ვიზიტს მიესალმება.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, უეს მიტჩელი თბილისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჩამოვა. ჯანელიძის განმარტებით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას.
„წლევანდელ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ის ჩამოვა ბრიუსელიდან ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ საქართველოში, გამართავს, როგორც ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, მიმართავს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს. ეს არის ხაზგასმა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის,“ - განაცხადა მინისტრმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უეს მიტჩელი ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჩამოვა თბილისში და ნატო-საქართველოს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს მთავრობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება, ასევ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს.