თითქმის ორი საათია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა პროკურატურის კითხვებს პასუხობს.
ყოფილი მთავარი პროკურორი ტელეკომპანია "იმედის" საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს. ტელე "იმედის" საქმეზე პროკურატურამ ორი დღის წინ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას.
როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, სამეგრელოში მისი საქმიანობა ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით მის პოლიტიკურ განეიტრალებას ცდილობენ.
„ეს ყველაფერი უკავშირდება სამეგრელოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ის რომ ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელო გადასცა სამთავროებად თუ სათავადოებად კონკრეტულ კლანებს. შონია-შენგელიას კლანს, იზორიების კლანს, ბესელიების კლანს, მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულმა კლანებმა, რომელიც მე შევაწუხე სამეგრელოში იჩივლეს ივანიშვილთან და ივანიშვილმა დაავალა პროკურატურას, რომ ჩემი განეიტრალება მოახდინოს რამენაირი ფორმით, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ საპირისპირო შედეგს გამოიღებს“- აცხადებს ზოდელავა.
ზოდელავა პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა, გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მურთაზ ზოდელავას პროკურატურაში დაბარებას მხოლოდ პოლიტიკური მიზანი აქვს.