ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები - უკვე ერთი საათია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობს.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომავალი თვიდან სესხების გაცემა გამკაცრებული რეგულაციებით მოხდება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ჭირაქაძე აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ნეგატიურ შედეგს მოიტანს. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ასოციაციის წევრები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.
„ჩვენ ჩვენი შენიშვნები გავაცანით ეროვნულ ბანკს, ვაპირებთ, ძალიან მჭიდროდ ეროვნულ ბანკთან ვიმუშაოთ და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის არასწორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია,“ - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ლაშა პაპაშვილის თქმით, შეხვედრაზე პრობლემად დაჩქარებულ რეჟიმში რეგულაციების შემუშავება დასახელდა. პაპაშვილის თქმით, ასევე, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს რეგულაციები საფინანსო ინსტიტუტებთან არ განუხილავთ.
„მოლოდინი აქვთ, რომ ამ რეგულაციების გამო იმდენად გართულებულია დადგენის და მიკრო ვადების პროცესები, რომ ძალიან შემცირდება სესხების გაცემა, ამდენად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი, რაც ბიზნესის და ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელია, გულგრილად ვერ ვიქნებით და წინააღმდეგი ვართ მაგვარი რეგულაციების,“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ჭარბვალიანობის შეეხება, რაც ბანკების აქტიურობას შეამცირებს.
„ალბათ, კარგად არის დასაფიქრებელი, როგორ მოხდება, რომ შესაბამისად, ეს თანხები არ მიიმართოს არამართვად სფეროში. რა თქმა უნდა, მიკროსაფინანსოები და უფრო მეტად, ბანკები დღეს არის მართვადი და რეგულირებადი სფერო და არ მოხდეს ამ თანხების სხვაგან გადადინება,“ - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.