საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პოლიტსაბჭოში დაანონსებულ ცვლილებებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოში აუცილებელია ინტერესები სწორად გადანაწილდეს და არ იყოს ვიწრო ინტერესის მქონე საბჭო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე თვლის, რომ მთავარია საბჭოს ფორმატი ეფექტური და ქმედითი გახდეს, თუმცა ფოფხაძეს პოლიტიკურ საბჭოში ყოფნის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მისი თქმით, მთავარია საბჭოში მისი პოზიცია ვინმემ წარადგინოს. ფოფხაძე ასევე თვლის, რომ საბჭოში პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი უნდა შევიდნენ.
„ფორმატი უნდა იყოს უფრო ეფექტური და ქმედითი, თუ ეს ასე არ იქნება, საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა ვინ იქნება პოლიტსაბჭოში, აქედან გამომდინარე ამაზეა დღეს უფრო საფიქრალი ვიდრე პერსონალიებზე. პერსონებთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება ისაა, რომ ჩემი გულისტკივილი და პოზიცია პოლიტსაბჭოში ვინმემ მიიტანოს.
მე მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი რაღაცა ფორმით პოლიტსაბჭოში აუცილებლად უნდა იყვნენ, პრემიერიც უნდა იყოს რაღაც ფორმით პოლიტსაბჭოში, რა სტატუსით ექნებათ ეს არის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.