ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი „ახალი ქრისტიან- დემოკრატები“-დან მამუკა ტუსკაძე „ევროპულ საქართველოს“ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უცნობმა შტაბის ხელმძღვანელს ტელეფონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ტუსკაძის თქმით, მას ვინმე ხურციძე დაემუქრა, რომ არ ჩასულიყო ვანში არჩევნებზე. მან მედიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც მოასმენინა, სადაც უცნობი პიროვნება კაკო ბობოხიძის სახელით ემუქრება.
„ძირითადი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ევრო-ქოცები ანუ ქოცების ევროპული ნაწილი, ეს არის გიგი უგულავა და მისი შტაბი და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურები,“ - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
მამუკა ტუსკაძემ უკვე მიმართა გამოძიებას და დაკითხვაზეც იმყოფებოდა.
„ევროპულ საქართველოში“ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მამუკა ტუსკაძე „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებს.