"ნატოსთან ურთიერთობაში საქართველოს პროგრესი შესაბამისად აისახება," - ეს განცხადება ალიანსის ლიდერმა გააკეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება გაერთიანების წევრი, თუმცა აქვე ასახელებს ამის პირობებს.
ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ნატოს სამიტის ფორმატი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ალიანსის რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის მაპის მინიჭებასაც მოითხოვს.
ბრიუსელში გამართულ მინისტერიალს პირველად დაესწრო შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი.
მაიკ პომპეომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთში წარმოებული ნერვული აგენტის გამოყენება კიდევ ერთხელ დაგმო და რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიაც გაიხსენა.
მისი თქმით, აშშ რუსეთთან ურთიერთობებს არ გადახედავს, თუ რუსეთი საკუთარ ქმედებებს არ შეცვლის.
„რუსეთი აშინებს ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს სამხედრო გზით. ამის მაგალითია 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს კი - უკრაინაში. ასევე აგრესიული კამპანია, რომ ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს,“ – განაცხადა პომპეომ.