საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმის განხილვა განახლდა. პროცესზე მხარეები ექსპერტიზის იმ დასკვნაზე იმსჯელებენ, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 4 თვის განმავლობაში ამზადებდა.
დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მომზადებული დასკვნა ვერ პასუხობს მთავარ სადავო კითხვას - რამდენმა ადამიანმა გაიმეტა 2 მოზარდი სასიკვდილოდ.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას განიხილავენ დღეს სასამართლოზე.
„კვლევას ესაჭიროებოდა გარკვეული დროის პერიოდი, შესაბამისად, ჯერ რატომ დასჭირდა ამდენი ხანი და რატომ არ გამოიგზავნა ექსპერტიზა მანამდე, სანამ მოვიდოდა, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან ეს უშუალოდ დამოკიდებული არის ექსპერტიზის კვლევასთან მიმართებით,“ - განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გამოიკვეთა, რასთან დაკავშირებითაც დღეს სასამართლო სხდომაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, აღნიშნული ექსპერტიზიდან კვლავ გაურკვეველი რჩება, რომელიც იარაღით არის მისი შვილი მოკლული.
„მათ შორის, სასიკვდილო ჭრილობაზე დაკონკრეტებული არ არის, ზუსტად რომელი იარაღი არის გამოყენებული,“ - აღნიშნა სარალიძემ.