20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ხვალ სოფელი ვიკრიბებით, ერთგულებაზე ხატზე უნდა დავიფიცოთ - ტანძიის მოსახლეობა RMG GOLD-ის წინააღმდეგ აქციების გააქტიურებას აანონსებს

ტანძიაში პროტესტი ისევ გრძელდება. მოსახლეობა სოფლის ტყეში ხეების გაკაფვასა და იქ RMG GOLD-ის მიერ ახალი კარიერის მოწყობას აპროტესტებს.

ტანძიაში აქციის მონაწილეები და მათ მხარდასაჭერად ჩასული შალვა ნათელაშვილი იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ღია კარიერები უნდა გაკეთდეს.

კომპანია RMG GOLD-ის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ადგილზე არ შეუშვეს.

„შუა საქართველოში დაგვიდგა საზღვარი, იქიდან რუსი ოკუპანტები გვიდგამენ საზღვრებს, აქედან შინაური ოკუპანტი - ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი აქ ძალიან მალე იწყებს აფეთქებას, რომ 999 სინჯის ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და სტრონციუმიც მოიპოვის, რომელიც რადიაქტიური ნივითიერებაა. ეს არის ქვეყნის გენოციდის დასაწყისი. მთელი ერი უნდა დადგეს ისე, როგორც ტანძია და ტანძიელები დადგნენ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტანძიის მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხვალიდან არა მხოლოდ მძიმე ტექნიკას, არამედ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსაც შეუზღუდონ გადაადგილება ტანძია-ფიტარეთის სამანქანო გზაზე.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ვინაიდან ტანძია-ფიტარეთის სამანქანო გზა გადაკეტილი აქვთ, ოქროს მომპოვებელი კომპანია აპირებს, რომ სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აწარმოოს. ტანძიელები არ გამორიცხავენ, რომ მათ თეთრიწყაროში გადაინაცვლონ და იქ კარვები გაშალონ.

„ხვალ გვაქვს ჩვენ კრება, სოფელი ვიკრიბებით, ერთგულებაზე ხატზე უნდა დავიფიცოთ,“ - აცხადებენ ადგილობრივები.

 

 

 

 

 

დღის ამბები