ორ საათში ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურება. ხმის დათვლის პროცედურები საღამოს 8 საათზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაიწყება. წინასწარი შედეგები კი 12 საათისთვის გახდება ცნობილი.
საარჩევნო უბნებზე რამდენიმე საჩივარი შევიდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აქტივობა შეადგენს 49 პროცენტს, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ მაღალია.
ხონის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარია შესული. თუმცა, როგორც ცნობილია, ეს დარღვევები პროცედურული ხასიათისაა.
ხონის #55 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი გორდაძის, თქმით, ერთ-ერთი საჩივარი გადასატანი ყუთის მოგვიანებით დალუქვას შეეხება.
„მცირე ტექნიკური ხარვეზები იყო და ჩვენთან ამ მცირე ტექნიკურ ხარვეზზე ორი ტექნიკური საჩივარი არის შემოსული. კერძოდ, ხონის მესამე უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი დაილუქა მოგვიანებით ოლქში შემოსვლის შემდეგ, რაც არ იმოქმედებს ამომრჩეველზე. ერთი და იგივე დარღვევაზეა ორი საჩივარი დაწერილი,“ - განაცხადა გიორგი გორდაძემ.
ვანისა და ხონის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. დეპუტატის მანდატისთვის 6 კანდიდატი იბრძვის.