20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
რა ხდებოდა „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სადაც ივანიშვილს გუნდთან მძიმე საუბარი ჰქონდა - დეტალები „კურიერმა“ გაარკვია

კურიერის ინფორმაციით, ქართული ოცნების შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე მწვავედ გააკრიტიკა. რუსთავი2-ის ცნობით,  მას არაფერი უთქვამს კახა კალაძისთვის.

ბიძინა ივანიშვილი ასევე დაინტერესდა, ახალი სახეები საიდან მოხვდნენ პარტიაში. კურიერის ცნობით, შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, ჰკითხა, საიდან მოხვდა პარტიაში.

შეხვედრაზე ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა. ექსპრემიერის თქმით, ოთხ ადამიანს პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

ყოფილი პრემიერი ორი წლის წინ ამბობდა, რომ პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციას მოახდენდა, ხალხს არ მოუსმენდა და მეორედ მოსვლა იქნებოდა. ის ახლა პოლიტიკაში დაბრუნდა. 

ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებენ. პოლიტიკურ წრეებში განხილვის მთავარი თემა ის მიზეზებია, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელმა პოლიტიკურ აპოკალიფსად ჩათვალა და ჩრდილიდან გამოსვლა გადააწყვეტინა.

გუბაზ სანიკიძე ერთ-ერთი იყო ყოფილი თანაგუნდელებიდან, ვინც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა ურჩია. ეროვნული ფორუმის ყოფილი ლიდერმა ამ შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა.

ივანიშვილთან ბოლო საუბრის დეტალებს იხსენებს ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, არმაზ ახვლედიანიც. 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცოდა, რომ გუნდით, რომელიც მან პოლიტიკურ მემკვიდრედ დატოვა, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იყო.

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მთავარ მიზეზებად მმართველი გუნდის სრული პოლიტიკური კრახი, შიდა და საგარეო საფრთხეები სახელდება.

პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების აზრით, არაფორმალურმა მმართველობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა არამხოლოდ ქვეყნას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილსაც, რის გამოც, მას ყველაზე მეტად პოლიტიკური იმუნიტეტი სჭირდება.

პოლიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ მან მმართველი ელიტა მთლიანად უნდა შეცვალოს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს, ამიტომ არსებული პოლიტიკური გუნდის დამორჩილებასაც მარტივად შეძლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები