საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დმანისის გადასარჩენად გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.
ოპოზიცია ხელისუფლებას ოქროს მომპოვებელი კომპანიის, RMG GOLD-ის ინტერესების უკანონო ლობირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავრობა განგებ ხუჭავს თვალს კომპანიის საქმიანობაში არსებულ დარღვევებზე.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა არა მას, არამედ შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ, თუ რაიმე სახის დარღვევებს ხედავენ.
„საყდრისის გადარჩენის კომიტეტს აქვს ერთი ამოცანა, მეორე ამოცანა აქვს ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც ამოძრავებთ პოლიტიკური დღის წესრიგი, ამ მიმართულებით, თუ იქ არის რაიმე დარღვევები, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები და უწყებები, მათ უნდა ადგნენ და მიმართონ, არ არის აუცილებელი ჩემთვის ამ ინფორმაციის მოწოდება, ამას სჭირდება რეაგირება და შესაბამისად უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწა, რომელიც მათ აუქციონზე მოიგეს, ნაკლოვანია რადგან მასზე უკანონოდაა აშენებული RMG-ის ერთ-ერთი საწარმო. თუმცა, ამაზე სახელმწიფო უწყებებს დღემდე არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.