საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.
უეს მიტჩელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მიმართ. გარდა ამისა, ამერიკის საგარეო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსული ოკუპაცია და განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
„ნატოს მინისტერიალის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, მის მისწრაფებებს ნატოში გაწევრიანებისთვის და მიმდინარე რეფორმებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი სრულდება, 10 წელი გადის აგვისტოს ომიდან და მნიშვნელოვანი მომენტია ავსახოთ და ხაზი გავუსვათ ჩვენს ვალდებულებას და ერთგულებას საქართველოს მიმართ და მის დასავლურ გზას,“ -განაცხადა უეს მიტჩელმა.
უეს მიტჩელის თქმით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ საქართველოს წვლილს.
„მინისტერლიაზე, ნატოს მოკავშირეებმა აღიარეს, რომ საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმების გატარებაში,“ - განაცხადა უეს მიტჩელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას.
„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შექმნილი ბაზა ურთიერთობებისთვის, იმისთვის რომ გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ შემდეგში ჩვენი ორმხირივი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, იქნება ეს უსაფრთხოება, თავდაცვა თუ სხვა მიმართულებები. რა თქმა უნდა, ამერიკის მხარდაჭერა რეფორმების პროცესში არის უმნიშვნელოვანესი და გამოითქვა მზაობა, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა ყველა მიმართულებით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.