21 დეკემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე - პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევაზე შეზღუდვები ამოქმედდება 

პირველი მაისიდან სიგარეტის მოწევა იზღუდება. შეზღუდვები იმოქმედებს, როგორც დახურული სივრცის შემთხვევაში, ისე იმ ღია საზოგადოებრივ სივრცეზეც, სადაც არ დგას შესაბამისი ნაგვის ყუთი ან საფერფლე, თუმცა, მწეველი პირი დაჯარიმდება, თუ ასეთი ადგილებისგან მოშორებით, მაგალითად რუსთაველის გამზირზე სეირნობისას მოწევს.

მოწევა აიკრძალება იმ ადგილებშიც, სადაც 18 წლამდე მოზარდები იყრიან თავს. თამბაქოს მოწევა აიკრძალება სტადიონებზეც.

ჯარიმები 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს. მოწევა საერთოდ იკრძალება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, მაგალითად კაფესა და რესტორანში.

„ძალიან მცირე დისკომფორტის ხარჯზე, რომელიც არის გარეთ გამოსვლა და მოწევა, ჩვენ შევინარჩუნებთ 2100 ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომელიც იღუპება ყოველწლიურად 10 წლით ადრე პასიური მოწევის გამო. ხვალიდან, დიდი გვაქვს, რომ ამ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებიც არიან, სიცოცხლეს გადავარჩენთ. გარდა ამისა, ის ზომები, რომლებიც ძალაში შედის პირველი მაისიდან, ხელს შეგვიწყობს, რომ მომავალი თაობები მოვაცილოთ თამბაქოს წევის მავნე წრეს,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრი კახა ღვინიანიძე ამბობს, რომ მოწევასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დროებით რჩება კაზინოების, სიგარა ბარებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების შემთხვევაში.

„ამ კანონის უპირატესობა არის ის, რომ იგი ითვალისწინებს როგორც არა მწეველთა დაცვას თამბაქო კვამლისაგან, ისე მწეველთა მოტივირებას, რომ თავი დაანებონ მოწევას. ნაკლოვანებად მიჩნეულია ის ერთეული გამონაკლისები, რომელიც არსებობს ამ კანონში. ის, რომ კაზინოებზე არ ვრცელდება აკრძალვა მოწევისა, ის, რომ სიგარა ბარებში მოწევა დაშვებული იქნება. ჩამოთვლილი გამონაკლისები შეადგენს რეალურ პრობლემას, რომელიც უნდა გამოსწორდეს,“ - განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრმა კახა ღვინიანიძემ.

გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი  ლელა ბაქრაძე აცხადებს, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალებს შორის თამბაქოს მოხმარება 2010 წელთან შედარებით, 2016 წელს 2-ჯერ არის გაზრდილი.

დღის ამბები