15 ოქტომბერი 2024,   23:01
ვრცლად
მუსლიმ გოგონათა პანსიონი ხულოდან - სექტემბრიდან პანსიონატებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება და, სავარაუდოდ, დიდი ნაწილი დაიხურება

ხულოს ცენტრში მუსლიმ გოგონათა ახალი პანსიონის მშენებლობა ერთი კვირის წინ დაიწყო. 4-სართულიანი შენობის აშენების გადაწყვეტილება იმამთა კრებამ მიიღო.

ხულოს მუფტი, გურამ (ასლან) აბაშიძე, ამბობს, რომ აქ გოგონები, ისლამური რელიგიის შესწავლის გარდა, ზოგად განათლებასაც მიიღებენ და ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადებიან.

შინაგანაწესის მიხედვით, ბავშვები დღეში 5-ჯერ ლოცულობენ, მოსწავლეებს ეზღუდებათ ტელეფონსა და ინტერნეტზე წვდომა, სოციალური ქსელებით მხოლოდ უქმე დღეებში სარგებლობენ. მშობლების მონახულება კი ორკვირაში ერთხელ შეუძლიათ. ასევე, შეზღუდვები აქვთ ჩაცმაზე, მათ შორის, აკრძალულია დახეული ჯინსის შარვლის ჩაცმა. 

ხულოს მუნიციპალიტეტის მუსლიმ გოგონათა პანსიონში ამჟამად 30 გოგონა ცხოვრობს. ყაზარმული ტიპის თითო საძინებელში 10 გოგონა ცხოვრობს. პანსიონის დირექტორი ამბობს, რომ ოჯახების მხრიდან მიმართვიანობა მაღალია.

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 9 პანსიონია. მუფტი ასლან აბაშიძე ამბობს, რომ პანსიონები ზექათის წესით ანუ შემოწირული თანხებით შენდება და ფუნქციონირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ნებართვას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ასაშენებლად ითხოვენ, სადაც ბავშვთა პანსიონებს ხსნიან. ხულოში ახალი პანსიონის მშენებლობის ნებართვა შპს ოზგენჯიმაც მსგავსი მიმართვის საფუძველზე ხულოს მერიიდან მიიღო.

2018 წლის პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება და პანსიონებს სააღმზრდელო დაწესებულების სტატუსი მიენიჭებათ. მათ 17 კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ. კანონის მიხედვით, ახალი სასწავლო წლიდან სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც 10 ბავშვზე მეტი იქნება, ფუნქციონირებას შეწყვეტს.

არაოფიციალური მონაცემებით, აჭარის რეგიონში სულ 22 მუსლიმური პანსიონი ფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით კი, ამ ტიპის დაწესებულებებში 1200 ბავშვი ცხოვრობს. ხულოს სამუფტოში ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმირებულები არიან და ფიქრობენ, რომ რეგულაციები დასახვეწია.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პანსიონების საქმიანობა უკონტროლოა. ჯანდაცვის სამინიტროში ამბობენ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს დაწესებულებების მონიტორინგი და არ არის გამორიცხული, რომ კანონი კიდევ გადაიხედოს.

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები