03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები სოფელ ვეძათხევსა და ერწოში

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ასმათ ფოცხვერაშვილი სოფელ ვეძათხევში 11 წლის შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. წვიმას და სიცივეს ისიც ემატება, რომ სახლი ინგრევა. 15 წლის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ბზარები უფრო და უფრო ფართოვდება. ასმათ ფოცხვერაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილის უსაფრთხოებაზე ღელავს, ამიტომ ნებისმიერი ხმაურის გაგონებაზე ცდილობენ ტერიტორიას გაეცალონ. პირველ სართულზე მხოლოდ ორ ოთახში შეიძლება ცხოვრება. ერთი თვის წინ ჩამოქცეული სართულის სიმძიმეს მხოლოდ იმ ოთახების სახურავი აკავებს, სადაც ფოცხვერაშვილები თავს აფარებენ.

ასმათ ფოცხვერაშვილის სიმსივნის გამო ფილტვზე ოპრაცია გაუკეთდა, ამიტომ ფიზიკური შრომა აღარ შეუძლია. 72 წლის დედა კი გლაუკომით არის დაავადებული და მხედველობას ნელ-ნელა კარგავს.

სოციალური დახმარება მხოლოდ წამლების შესაძენად ჰყოფნით. გამგეობაში განცხადებებს მას შემდეგ წერს, რაც სახლთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. დაპირებები უხვად მიიღო, თუმცა გამგეობიდან მათთან რამდენიმე წელია არავინ მოსულა. ბოლოს ორი კვირის წინ მივიდა გამგეობაში და პასუხიც მიიღო, რომ მის დასახმარებლად ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა.

უსახლკაროთა დახმარების პროგრამის არარსებობას რეგიონის გამგებელი ლელა ქიტესაშვილიც ადასტურებს. ასმათ ფოცხვერაშვილის მდგომარეობა მისთვის ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით გამოსავალს მხოლოდ ერთჯერადი დახმარების გაწევასა და მარტოხელა დედის შესაძლო დასაქმებაში ხედავს.

"P.S. მობილი" ვეძათხევიდან სოფელ ერწოში ჩადის, სადაც მარინა წიკლაური ეზოში ჩადგმულ ვაგონში ცხოვრობს. სახლი 11 წლის წინ მიწისძვრის და ხშირი წვიმების შედეგად დაენგრა.

ფოცხვერაშვილების მსგავსად ისიც თვლის, რომ მის პრობლემას საკმარისი ყურადღება არ ექცევა, განცხადებებს წერს მაგრამ უშედეგოდ.

რეგიონში მალე დაზამთრდება ამ ორი ოჯახის მსგავსად კი დახმარებას ჯერ კიდევ ბევრი ელოდება. 

 

 

 

დღის ამბები