"არანაირად ვინმე არ აკნინებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, პირიქით, ჩვენ ვართ მონდომებულები, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანმა "დღის კურიერის" ეთერში აშშ-ს საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა: "საელჩო სვამს კითხვას - რატომ აყენებს "ქართული ოცნება" ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო - რას პასუხობს დიპლომატიურ უწყებას მმართველი გუნდი?"
საუბარი არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებზე, რა დროსაც მათ მიერ გამოქვეყნებული ეს რიცხვები ცესკოს შედეგებს ასცდა.
გიორგი კახიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განმარტა, რომ პარალელური დათვლის შედეგებში 0.1%-ის ცდომილებაც კი კითხვის ნიშნებს უნდა აჩენდეს, აღნიშნულ ვითარებაში კი ცდომილება 2.4%-ს შეადგენდა.
"არანაირად ვინმე არ აკნინებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. პირიქით, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენ ვართ მონდომებულები, რომ ეს პარტნიორობა არა მხოლოდ იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არამედ კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გადატვირთვის პოლიტიკაზეც ვისაუბრეთ და ა.შ. დარწმუნებული ვარ ეს დრო მაინც მოვა, ძალიან მალე მოვა, არჩევნების მერე ყველაფერი ეს მოხდება.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევას და ISFED-ის კვლევასთან დაკავშირებით, იქ ისე არ არის საქმე როგორც ეს საელჩოს განცხადებაში იყო. 1.8%-ზე არ არის საუბარი, 2.4%-ზე იყო საუბარი. როდესაც საუბარი არის 2.4%-ზე, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ეგზიტპოლებთან რაღაც კავშირში არის იმიტომ, რომ ყველამ იცის - სოციალურ კვლევებში, ეგზიტპოლებში შეიძლება 2%-3%-იანი ცდომილებები იყოს, მაგრამ აქ საუბარი არის პარალელური დათვლის შედეგებზე.
შევახსენებ მაყურებელს, რას ნიშნავს პარალელური დათვლის შედეგები, ეს სოციალური გამოკითხვები კი არ არის, პარალელური დათვლა გულისხმობს იმას, რომ უბნები, როდესაც თავის შედეგებს შეაჯამებენ და მიაწვდიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უბნების მიერ მოწოდებული ოქმების დათვლა ხდება. იქ 2.4% კი არა, 0.1%-იც რომ იყოს ცდომილება, ეს უკვე კითხვებს უნდა აჩენდეს, იქ ცდომილება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, იქ ერთი-ერთში უნდა ემთხვეოდეს ეს მონაცემები," - აცხადებს გიორგი კახიანი.