ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, არჩევანის ეთერში ეხმაურება.
სერგო რატიანის თქმით, მმართველი გუნდის კრიტიკა, რომ, თითქოს, პოლიტიკოსები არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს პოლიტიკურ ელფერს სძენენ, არასწორია.
„ჩვენ ვიყავით დისტანცირებული, რაც შეიძლება, ვყოფილიყავით დისტანცირებული, თუმცა, მივუთითებდით პრობლემებზე ამ დროის განმავლობაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამაზე მეტად დისტანცირებული ვიყოთ, რადგან ზაზამ დაგვიძახა იმ დღეს და ვიყავით რიგითი მოქალაქეები, ჩვენ იქ პოლიტიკოსები, მართლაც, რამდენიც ვიყავით, არ მივსულვართ, ჩვენ ვიყავით რიგითი მოქალაქეები,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
სერგო რატიანი ევროპული საქართველოს ინიციატივაზე - საგამოძიებო კომისიის შემქნის საფუძველზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობა გამოძიების მიმართ უნდობლობამ გამოიწვია.
სერგო რატიანის თქმით, 2012 წლიდან კრიმინალი გაიზარდა და ხელისუფლება კრიმინალთან თანამშრომლობს.
„ერთი გზა არის, რომ მართლაც უნდა გაგრძელდეს ზეწოლა და მეორე გზა არის საპარლამენტო, როდესაც პარლამენტმა პროკურატურას, რომელსაც აღარ აქვს ნდობა, აიღოს პასუხისმგებლობა ბოლოს და ბოლოს და ჩაერთოს პროცესში. როდესაც პროცესში ჩართული არის ადამიანი, ფიგურირებს მაღალჩინოსანი, ისე უბრალო პროკურორ კი არა, რომელიც სტრასბურგში არ ფიგურირებს, როგორც ცრუ ჩვენების მიმცემი, ფაქტობრივად,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.