06 იანვარი 2025,   04:27
ვრცლად
"ამდენი ულტიმატუმებით ნუ მელაპარაკებიან, ამოვიდა ყელში," - ზაზა სარალიძე პროკურატურაზე საუბრობს

ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო დღეს გადაწყვეტილებაზე გავა.
დასკვნით სიტყვას დაასრულებს დაცვის მხარე, რეპლიკის საშუალება ექნებათ არასრულწლოვან ბრალდებულებსაც. ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა და სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პროკურატურა ცდილობს დაფაროს საქმეში მონაწილე რამდენიმე პირის ვინაობა და ასევე არ დააკისროს პასუხისმგებლობა იმ პირებს, ვინც დანაშაული დაფარა.

„მე ისევ ვარ იმ პოზიციაზე, რასაც აქამდე ვიძახდი. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს შესაბამისად. აქ არსებითი დანაშაული არ გააჩნია, ვინ დაარტყა ჩემს შვილს დანა, ვინ დააორგანიზა ეს საქმე, ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ინციდენტში, ვინც დაფარა დანაშაული, ვინც შეეცადა მტკიცებულებების გაყალბებას და პირადად ეს ორი გარეწარი პროკურორი, რომელიც დღეს დარბაზში ზის, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, არავინ იცოდა ვინ იკითხებოდა, პროცესი დაწყებული არ იყო და  პირდაპირ გაასაჯაროვა მოწმის გვარი. არის თუ არა დასჯადი, რა უნდა ველაპარაკო შოთაძეს ისიც არ ვიცი. ამდენი კანონდარღვევის წინაშე ვდგავარ და მე მთხოვენ კანონის დაცვას. ამდენი ულტიმატუმებით ნუ მელაპარაკებიან, ამოვიდა ყელში. ამდენ მატყუარა პროკურორს რა ველაპარაკო მე?“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ის ბრალდება, რომელსაც ერთ-ერთ დაკავებულს ედავებიან.

„აქ მოწმეთა ჩვენებები არ არის მთავარი. ეს არის მკვლელობის საქმე და დასკვნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დასკვნები ინიშნება, რათა დადგინდეს პოზები, დადგინდეს ლოკაციები, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ამ შემთხვევაში ყველა მოწმის ჩვენება აცდენილია. ბრალდების მხარე ცდილობს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით დაადასტურონ განზრახ მკვლელობა, რაც აბსურდია“-აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები