პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ის არ აპირებს დახურულ სივრცეში ესაუბროს ირაკლი შოთაძეს, ან საქმის სხვა პროკურორებს.
„ექვსი თვეა მე პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც მატყუებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შოთაძეს მარტო ჩემს ადვოკატთან შევხვდე. აღარ ვაპირებ მაგათთან ერთად დახურულ სივრცეში ჯდომას. დახურულ სივრცეში რაც ვიჯექი ფხაკაძესა და გუგუშვილთან საკმარისი იყო რა შეურაცხყოფებიც მივიღე“-აცხადებს ზაზა სარალიძე.
რაც შეეხება ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უფლებადამცველებმა ზვიად კუპრავამ და ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადეს,რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საქმეში არსებული ყველა დეტალი განიხილეს. ისაუბრეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის შესახებ და ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების განადგურების საკითხზეც.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა კი განაცხადა, რომ საქმეში თავიდანვე ბევრი კითხვის ნიშანი იყო.