21 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
"არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა" - ოპოზიცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების მკვლელობის საქმე - საპარლამენტო ოპოზიცია მთავარ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოკლული დავით სარალიძის მამის გარდა, კითხვები გამოძიებასთან აქვს საზოგადოებასაც და საგამოძიებო უწყება ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ამ საქმის უკან არ დგას გარკვეული პირების კერძო ინტერესები.

„უნდობლობა ჩნდება ხელისუფლებისადმი, როდესაც არ სჯერათ, რომ გამოძიება ან სასამართლო იქნება ობიექტური და ამას ვხედავთ ახლა. ოჯახის წუხილი უნდა იყოს გათვალისწინებული და საზოგადოებამ უნდა მიიღოს ზუსტი პასუხი, რატომ არის ამდენი კითხვის ნიშანი? ემსახურება თუ არა ვინმეს პოლიტიკურ ან კერძო  ინტერესებს და რა ვალდებულებები აქვთ თუნდაც იმ ჩინოვნიკების მიმართ, როდესაც ასეთი საყოველთაო ეჭვი ჩნდება გამოძების მიმართ,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობა კვლავ საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი სიმართლის დასადგენად.

„ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. კითხვები, რომელიც აქვს დაზარალებულის ოჯახს. ჩვენ ვიხილეთ რამდენ ადამიანს აქვს უნდობლობა პროკურატურის მიმართ. ასეთ გახმაურებულ საკითხზე პროკურატურა არაადეკვატურად მოქმედებს და ამან შეიძლება ძალიან მძიმე პროცესებს დაუდოს სათავე. შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საპარლამენტო კომისიის შექმნა,“-განაცხადა სერგო რატიანმა.   

დღის ამბები