21 დეკემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ თვლის და სარალიძეს შეხვედრას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობა მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ თვლის.

კომისიის შექმნას "ევროპული საქართველო" ითხოვს, რასაც „ნაციონალური მოძრაობაც“ ეთანხმება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი, შემდეგ კი ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა ამოიწუროს და თუ ამ ყველაფრის შემდეგ ისევ დარჩა კითხვები, საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში დადგება.

პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობა მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ნებისმიერ საქმიან ფორმატში შეხვედრას სთავაზობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება უკვე შედგა და ზაზა სარალიძეს შაბათს შეხვდება.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ზაზასთან, მე პირადად მქონდა კომუნიკაცია. შევთანხმდით, რომ შაბათს შევხვდებით და ყველა საკითხი რაც მას აწუხებს იქნება მოწოდებული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მივეხმარებით ამ ადამიანს სამართლიანობის აღდგენაში და იმის დამტკიცებაში რეალურად რა მოხდა.

ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჯერ ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა ამოვწუროთ და თუ შემდეგ დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი, შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია სწორი იყოს“-აცხადებს სოფო კილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტი უნდა დაელოდოს სასამართლოს განაჩენს.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. ბესელია აცხადებს,რომ უმრავლესობის დეპუტატები მზად არიან შეხვდნენ მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას.

„მზად ვართ შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში ჩვენ პოლიტიკოსები, ვისთანაც ისურვებს დაზარალებული ოჯახი შეხვედრას“-განაცხადა ბესელიამ.

საქმეში არსებულ კითხვებსა და დაზარალებულთა ლეგიტიმურ ეჭვებზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი კობა ნარჩემაშვილი. მისი თქმით, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს.

„მე მაინც ამ ეტაპზე იმ ადამიანების რიგს ვეკუთვნი, რომლებმაც უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომელსაც სასამართლო დაადგენს ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კრიტიკულები. თუმცა კითხვები მაქვს, აუცილებლად მექნება ამ ორგანოებთან დაკავშირებით კითხვები და იმედი მაქვს მოვისმენ ამ კითხვებზე პასუხს“-აცხადებს ნარჩემაშვილი.

დღის ამბები