20 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ულტიმატუმი პრემიერს - ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობასა და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში მონაწილე პირების დასჯას 10 ივნისამდე ითხოვს

პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდნენ. სამივე შეხვედრას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.

მოკლული დავით სარალიძის მამა პრემიერ-მინისტრს ულტიმატუმს უყენებს. ზაზა სარალიძის მოთხოვნით, 10 ივნისამდე პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა და დამნაშავეებს ხელს აფარებდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ისევ ქუჩაში გავა და მის პროტესტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე ექნება.

მოკლული მოზარდის მამის, მისი ადვოკატის, სახალხო დამცველისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ზაზა სარალიძის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან დღეს საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. ამ ხნის მანძილზე პრემიერის ადმინისტრაცია იმ ადამიანების სიას ადგენდა, ვინც მოკლული მოზარდის მამასთან შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ. თავდაპირველად ჩამონათვალში და არც პრემიერის მიერ დილით გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად რუსთაველზე ერთი კვირაა დგას.

მთავრობის ხელმძღვანელის ამ პოზიციით უკმაყოფილო მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპროტესტო აქციები დააანონსა, მისმა ადვოკატმა კი მხარდაჭერისთვის პანკისელებსა და სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა.

სწორედ ამ მოწოდების შემდეგ პრემიერმა გადაწყვეტილება შეცვალა და მასთან აუდიენციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად მიიღო. პრემიერმა პირობა დადო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს დეტალურად შეისწავლის და რეაგირებას გონივრულ ვადაში მოახდენს.

პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილება არ დაუმალავს ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მამა. ოჯახის ადვოკატის თქმით, პირველი დეკემბრის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ოჯახს პოლიტიკური მოთხოვნები არ აქვთ.

მომდვენო შეხვედრები მთავრობის ხელმძღვანელთან დღეს აღარ დაანონსებულა. ზაზა სარალიძე კი მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას 10 ივნისამდე ელოდება. მანამდე კი ზაზა სარალიძის მონაწილოებით რუსთაველის გამზირზე შეკრება ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები