21 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე და წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა - დეპუტატებმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მწვავე დებატების ფონზე დაამტკიცეს 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ისტორიაში პირველად მუშაობას იწყებს საპარალამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალები უნდა დაადგინოს. საკანონმდებლო ორგანომ ევროპული „საქართველოს ინიციატივას“ მხარდაჭერა გამოუცხადა.

კენჭისყრამდე კომისიის შექმნის საკითხი და მოზარდების მკვლელობის საქმის გარეშემო განვითარებული მოვლენები სხდომათა დარბაზში მწვავე დებატებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ტრიბუნიდან თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. პარტიაში ამბობენ, რომ სისტემურ პრობლემებზე პოლიტიკური პასუხიმგებლობა იუსტიციის მინისტრს ეკისრება და მან პოსტი უნდა დატოვოს. იუსტიციის მინისტრს სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობა იცავდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიას შექმნას მხარი არ დაუჭირა. პარტიაში ამბობენ, კომისიის შექმნით „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კრიზისი განმუხტა, დრო მოიგო და მინისტრებს პასუხისმგებლობა ააცილა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ პოზიციის გამო დღეს მმართველ პარტიასთან ერთად ყოფილი თანაგუნდელებიც აკრიტიკებდნენ. „ევროპულმა საქართველომ“ მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა და არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას დღეს უნდობლობა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმაც. დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელობით კომისიას საზოგადოების ნდობა ვერ ექნება. ფრაქცია მწვანეების თავმჯდომარე კი მისივე თანაგუნდელებს „ევროპული საქართველოს“ ღია რეკლამირებაში ადანაშაულებს.

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს. კომისიის თავმჯდომარის რანგში სერგი კაპანაძემ უკვე დაანონსა, რომ პარლამენტში ყველა იმ პირს დაიბარებენ, ვისაც ხორავას ქუჩის საქმესთან შეხება ჰქონდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები