21 დეკემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"დასკვნა არ გადაგვიცია“ - ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმს ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ზეპირსიტყვიერად გააცნო

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა.

პირველი კომენტარი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ქართულ მხარეს არ წარუდგენია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რის გამოც ის მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ დასკვნას იცნობს და მას ეთანხმება.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ანთაძე ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნა არ გადაუცია და შეხვედრაში მონაწილე პირებს ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გააცნეს.

მიზეზად ირაკლი ანთაძე თარგმანის არ არსებობას ასახელებს. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ქართულ ენაზე აქვს გაცემული, რაც შეხვედრაში მონაწილე პირებისთვის გაუგებარი იქნებოდა.

„მატერიალური სახით დასკვნა არ გადაგვიცია...დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე და მატერიალური სახით მათთვის გადაცემა... შესაძლოა, მათ ვერ მოეხერხებინათ წაკითხვა ადგილზე“ - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს, ანთაძე ამბობს, რომ ეს საკითხი შეხვედრაზე დააყენეს, თუმცა უპასუხოდ დარჩა.

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა, რაც მათ დატოვეს უპასუხოდ“- აცხადებს ანთაძე.

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე, არჩილ ტატუნაშვილის ინტერესების დამცველის სტატუსით დასასწრებად უჩა ნანუაშვილი ჩავიდა. თუმცა ის შეხვედრაზე არ დაუშვეს. როგორც ნანუაშვილს განუმარტეს, მისი დასწრება შეხვედრაზე ერთი თვით ადრე უნდა შეთანხმებულიყო.

რაც შეეხება სამომავლოდ ერგნეთის შეხვედრებზე არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველის მონაწილეობას. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ეგორ კოჩიევის განცხადებით, შემდგომი შეხვედრისთვის ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია. 

დღის ამბები