21 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
"ყველგან მითვალთვალებენ, არიან უშიშროების თანამშრომლები" - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მას უთვალთვალებენ.

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირველი ინტერვიუ "კურიერს" მისცა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი უკანონო თვალთვალი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გაკეთებული კომენტარის შემდეგ დაიწყო, თუმცა, სისტემატური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც მან გადაწყვიტა ჩართულიყო აქციაში სახელწოდებით - „ნუ მომკლავ!“

„თელავის საავადმყოფოში მე გამოვედი და განვაცხადე, რომ მე თემირლანს ალაჰს მივაბარებ, მერე მივხედავ ჩემს საქმეს, ამ სიტყვების მერე თბილისში, თვით პანკისის ხეობაში, ახმეტაში, თელავში, ყველგან მითვალთვალებენ. არიან უშიშროების თანამშრომლები, აქედანვე მითვალთვალებენ. მე, რომ ჩემი მანქანით გავდივარ, ალაზნის ხიდამდე მისული არ ვარ, თბილისში უკვე იციან, რომ მივდივარ,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველები პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისგან იმის დადგენას ითხოვენ, თუ ვინ, რატომ და რამდენად კანონიერად უთვალთვალებს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებები ირღვევა.

„ორ ძალიან მნიშვნელოვანი უფლების დარღვევაა სახეზე, ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და მეორე მხრივ, შეკრებებში მონაწილეობის სავარაუდო შეზღუდვის ინტერესი. იმიტომ, რომ ჩანდა, რომ ასეთი ინტენსიური კონტროლი და თვალთვალი მიმდინარე პროტესტების ფონზე განხორციელდა ეს გარკვეულწილად მისი შეზღუდვის ინტერესს შეიძლება ატარებდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინსპექტორი ამ საკითხს დროულად და სამართლიანად შეისწავლის,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ ის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები