„ქართულ ოცნებას ობიექტურად ძალიან ბევრი საკითხი აქვს სიღრმისეულად გადასააზრებელი და ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება მისაღები,“ - ეს განცხადება შენების მოძრაობის დამფუძნებელი და თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ქართული ოცნების ოფისში გამართული კონსულტაციებისა და მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ გაკეთებული კომენტარების შესახებ გააკეთა.
„თუ სამ საათში ვერ ჩამოყალიბდნენ, მე ეს არ მიკვირს იმიტომ, რომ ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხები არის გადასაწყვეტი და გასარკვევი. მე ვისურვებ, რომ კარგად დაფიქრდნენ და მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ პარტიის ე.წ. ძველი სახეები პირდაპირ მიანიშნებდნენ კვირიკაშვილის კაბინეტის ვადის ამოწურვაზე. სხდომის შემდეგ კი არცერთი მათგანი ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. განმარტებებს მხოლოდ ე.წ. ახალი სახეები აკეთებდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე UNICEF-ის კვლევაზე იმსჯელეს.