03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ხელისუფლება ქართულ დიასპორას სახელმწიფოს განვითარების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

ქართული დიასპორის პოტენციალის სწორად და ეფექტურად გამოყენების გზებზე მსჯელობენ ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისში „გლობალური დიასპორის კვირეულის“ ფარგლებში დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის ფინანსურ თუ ინტელექტუალურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალური ჩართვისკენ  მოუწოდა.

„თითოეული ჩვენი თანამემამულე არის ძლიან ძვირფასი ჩვენი სახელმწიფოსთვის და მათი აქტიური მონაწილეობა ახალგაზრდა, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აშენების პროცესში არის მეტად მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, განავითარონ მეწარმეობა თავის სამშობლოში და დაეხმაროს მათ ამ პოტენციალის სწორად გამოყენებაში. ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ყველა პირობა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი დიასპორული ინვესტიციის მოსაზიდად,“- განაცხადა პრემიერმა.

შეფასებები ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებმაც გააკეთეს და ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ირაკლი ალასანიას თქმით, ქართული დიასპორა არის უზარმაზარი რესურსი, რომლის სწორი გამოყენებაც ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კი საზღვრებს გარეთ მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეა გასული და ახლა ხელისუფლებას სჭირდება კონკრეტული სამოქმედო სტრატეგია, რომლის მიხედვიდაც ამ რესურსის ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართვა მოხდება.

„გლობალური დიასპორის კვირეულის“ ფარგლებში მიმდინარე დიასპორის ეკონომიკურ ფორუმს დიასპორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმზე განიხილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან გამომდინარე მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები დიასპორასთან მიმართებით. ფორუმზე ხელი მოეწერება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

დღის ამბები