17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
70 წლის მამაკაცს 23 წლის გოგო გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

70 წლის მამაკაცს 23 წლის გოგო გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

ორი შვილის დედა კურიერს უყვება, რომ მეზობელმა მასზე ავტოფარეხში მაშინ იძალადა, როდესაც გოგო კუთვნილ მანქანას წმენდდა.

გოგო ამტკიცებს, რომ მოძალადე მისი მეზობელი გოგია გველესიანი იყო.

მოხუცი ფაქტის დამალვას ცდილობდა. მოგვიანებით კი ანა ხოჯანაშვილი თავად დაადანაშაულა ძალადობაში. გველესიანმა საკუთარი ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ახალგაზრდა გოგო მასთან კონტაქტს თავად შეეცადა.

ანა ხოჯანაშვილი მოხუცს სთხოვდა, ეღიარებინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საკუთარ ეზოში 23 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობით სცადა.

ინციდენტის გამო, გოგია გველესიანმა პოლიციაში დარეკა და სამართალდამცველებს ანა ხოჯანაშვილის, როგორც მოძალადის, დაკავებას სთხოვა.

70 წლის მოხუცმა პოლიციას უთხრა, რომ გაურკვეველი მიზეზებით 23 წლის გოგო თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა.

კურიერთან მოხუცი ადასტურებს, რომ 14 ივნისს ავტოფარეხში ანასთან ერთად იყო, მაგრამ სექსუალური ძალადობის მცდელობას უარყოფს.

ფაქტი სავარაუდო მოძალადემ პოლიციასთანაც აღიარა, თუმცა, სამართალდამცველებს არ დაუთვალიერებიათ ავტოფარეხი, რომელზეც ანა ხოჯანავილი მიუთითებს.

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის მეუღლე ამბობს, რომ საქმეს გოგია გველესიანის შვილის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის, ლევან გველესიანის, გავლენით არასწორად იძიებენ.

ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მხოლოდ დანა, რომელზეც გოგია გველესიანი ამტკიცებდა, რომ ანა ხოჯანაშვილს მისი მოკვლა სურდა. ხოლო იატაკის საწმენდი ჯოხით, რომლითაც, სავარაუდოდ, გველესიანებმა ახალგაზრდას სცემეს, სამართალდამცველები არ დაინტერესებულან.

ჩანაწერით, რომელიც შემთხვევის დღეს ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ასახავს, ჩანს, რომ ანა ხოჯანაშვილი გამომძიებელს სთხოვს, სხეულის დაზიანებების გამოსაკვლევად ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ამავე ჩანაწერში ისმის ხმა, როგორ აყენებს პოლიციელი ლევან გველესიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას ანა ხოჯანაშვილს, რაზეც სამართალდამცველები არ რეაგირებენ.

გამომძიებელმა ანა ხოჯანაშვილს ექპერტიზაზე გადაყვანა შემთხვევიდან მეხუთე დღეს შესთავაზა.

პოლიციელი, რომელსაც მამის მფარველობაში ადანაშაულებენ, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. მისი ოჯახის წევრები კი დარწმუნებულები არიან, რომ 23 წლის გოგომ პირადი მიზნებისთვის მოხუცის გამოყენება სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მხოლოდ ანა ხოჯანაშვილის წინააღმდეგ დაიწყო და დაადგინა, რომ გოგონამ დანით მეზობელს მარცხენა კიდურის მტევნის ნაწილში დაზიანება მიაყენა.

23 წლის გოგოს ნაამბობის შესახებ კი შსს-მ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა ხოჯანაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. 

დღის ამბები